ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს წიგნის „ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების, კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, წიგნის ავტორები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.
კვიტაშვილის განცხადებით, ქართული სისხლის სამართლის ისტორიაში ეს არის სერიოზული და საინტერესო ნაშრომი.
მისი თქმით, წიგნში თეორიული და პრაქტიკული საკითხებია შესული, რასაც პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
„ამ თემატიკის წიგნი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი კომბინირებული ნაშრომია. მასში თავმოყრილია როგორც ტერმინოლოგიური და სისხლის სამართლებრივი, ასევე, პროცესუალური და საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი ასპექტები“ - განაცხადა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა გიორგი გორაშვილმა.
სამეცნიერო კვლევა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

















