პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე მიიჩნევს, რომ საქართველო არ უნდა იყოს ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მგლებს იცავენ.
ამის შესახებ ბობოხიძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, გარემოსა და ცხოველების დამცველი ორგანიზაციების პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ევროპა კატეგორიულად მოითხოვს მგლებს ხელი არ ვახლოთ, თავად ევროპაში კი - მგლები განადგურებულია. მზად ვარ მათ დედალ-მამალი მგელი გავუგზავნო, რომ გაამრავლონ“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოში მგლები სოფლის მოსახლეობისთვის პრობლემა გახდა, თუმცა, საერთაშორისო ვალდებულებების გამო მათი დახოცვა დაუშვებელია.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ, თუმცა, დანარჩენი მსოფლიოსთვის საქართველო არ უნდა იყოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც ცხოველი დაცული იქნება.

















