ე.წ „ატსტუპნიკებმა“ მორიგი საპროტესტო აქცია დღეს პარლამენტის წინ გამართეს და ხელისუფლებისგან მათ მიერ წლების წინ შეძენილი საცხოვრებელი ფართების დაკანონება მოითხოვეს.
„ატსტუპნიკებს“ იძულებით გადაადგილებული პირები და ომის ვეტერანები შეუერთდნენ.
როგორც აქციის ორგანიზატორმა პარტია „მომავალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, უკვე მეშვიდე თვეა, რაც თბილისში ე.წ „ატსტუპნიკების“ აქციები იმართება.
„პირველ ეტაპზე ჩვენი მოთხოვნა იყო კანონში იმ მუხლის გაუქმება, რომელიც „ატსტუპნიკების“ ღია ცის ქვეშ დატოვებას გულისხმობდა და ეს შევძელით. მეორე ეტაპზე კი, ჩვენი მოთხოვნაა იმ ფართების დაკანონება, რომელშიც ამ ადამიანებს თანხა აქვთ გადახდილი“ - აღნიშნა ლაღიძემ.
მისი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება სანამ ატსტუპნიკებს საცხოვრებელ ფართებს არ დაუკანონებენ.
„ვაპირებთ ამ ხალხის ორგანიზებულად ქუჩაში გამოყვანას“ - განაცხადა ლაღიძემ და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას, პარლამენტთან მორიგი აქცია გაიმართება, რომელიც, მისი თქმით, ფართომასშტაბიანი იქნება.
როგორც ცნობილია, „ატსტუპნიკებს“ საბჭოთა ეპოქაში საცხოვრებელი სახლები არა ოფიციალური დოკუმენტით, არამედ ზეპირი შეთანხმებით აქვთ შეძენილი. მესაკუთრესა და ბინათმოსარგებლეს შორის, მაშინ მხოლოდ სიტყვიერი შეთახმება ხდებოდა.
დღეისთვის დედაქალაქში 40 000-მდე „ატსტუპნიკია“.

















