დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები და დევნილი ახალგაზრდები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მისაღებ ცენტრში სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა ახალგაზრდების მიერ სამინისტროსთან აქციის გამართვის შემდეგ მოხდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, შეხვედრას რეალური შედეგი არ მოჰყოლია.
მისი თქმით, გაირკვა, რომ დევნილ ახალგაზრდებს მათი პრობლემების მოგვარებაზე განცხადება სამინისტროში უკვე შეტანილი ჰქონდათ.
„ისინი ამ განცხადებაზე აპელირებენ. კონკრეტული პრობლემის მოგვარება კი არ უნდათ. ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს. სამინისტროს თავდაცვის პოზიცია კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ კონკრეტულ პრობლემებზე უნდა რეაგირებდნენ“ - აღნიშნა კობაიძემ.
მისივე თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სამინისტროში არ იმყოფება და მათთან შეხვედრას ვერ შეძლებდა.
„ამასთანავე, სამინისტროს წარმომადგენლები ძალიან აგრესიულად არიან განწყობილნი და ცინიკურად და არაადეკვატურად გვექცევიან“-განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და დევნილმა ახალგაზრდებმა დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და დევნილი მოსახლეობის მძიმე საცხოვრებელი პირობები გააპროტესტეს. შენობასთან მოგვიანებით დევნილი მოსახლეობის ნაწილიც მივიდა, რომლებიც სამინისტროსთან სხვადასხვა საკითხის გასარკვევად იმყოფებოდნენ. მათ დაცვის თანამშრომლებისგან შენობაში შესვლაზე პრობლემები შეექმნათ. დევნილებს დაცვის თანამშრომლები იმ მიზეზით არ უშვებდნენ, რომ იმ დროისთვის სამინისტროში შესვენება იყო.
შესვენების დასრულების შემდეგ, დევნილები შენობაში შესვლას ისევ ვერ ახერხებდნენ, რისი მიზეზიც მათთვის დაცვის თანამშრომლებს არ განუმარტავთ. აღნიშნულმა ფაქტმა დევნილების პროტესტი გამოიწვია.

















