დამოუკიდებელ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დევნილ ახალგაზრდებთან ერთად, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან
დევნილების მძიმე საცხოვრებელი პირობები გააპროტესტეს.
როგორც სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ალექსანდრე კობაიძემ აქციაზე განაცხადა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა უნდა დაინახოს, რომ ამ ახალგაზრდების პრობლემების უგულვებელყოფა არ შეიძლება.
მისი თქმით, აქციაზე მყოფი დევნილი ახალგაზრდების უმეტესობა, ფინანსური პრობლემების გამო განათლებას ვერ იღებს. ნაწილს კი, თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეუჩერეს.
,,სუბელიანის დეკლარაციაში, აღნიშნულია, რომ მას წლიური შემოსავალი 93 ათას 290 ლარი აქცვს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის დევნილი მოქალაქეების მდგომარეობით სარგებლობს და ფუფუნებაში ცხოვრობს“-განაცხადა კობაიძემ.
მისივე თქმით, აქციაზე მისული დევნილები, ფეიქრების 14-ში ავტოგასამართი სადგურის შენობაში 2 000 წლიდან ცხოვრობენ. მათ მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, ჯანმრთელობის პრობლემებიც ექმნებათ.
დევნილმა ახალგარზდებმა კობა სუბელიანთან შეხვედრა მოითხოვეს.

















