პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის მოთხოვნით, დღეს
აშშ-ს საელჩოს ოფიციალური წერილით მიმართავს.
კოალიციაში იმედოვნებენ, რომ ჰილარი კლინტონსა და „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგება.
როგორც „ნიუსპრესს“ დღეს აშშ-ს საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პროგრამა ჯერ დაზუსტებული არ არის და მასზე მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ს საელჩო ადგენენ.
როგორც „ნიუსპრესს“ საელჩოში განუმარტეს, აშშ-ს მაღალი რანგის თანამდებობის პირების ვიზიტების დროს შეხვედრებზე ოპოზიციური პარტიების მოწვევის საკითხში რამდენიმე კრიტერიუმით ხდება ხელმძღვანელობა, მათ შორისაა - წარმოდგენილია თუ არა პარტია პარლამენტში ან რომელიმე არჩევით ორგანოში, საელჩო ითვალისწინებს სანდო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევას, ასევე, ყურადღება მახვილდება იმაზე, ცდილობს თუ არა კონკრეტული ოპოზიციური პარტია ხელისუფლების შეცვლას მშვიდობიანი გზით, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ჩარჩოში.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა.
კლინტონი ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. ამასთან, ის ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის დეტალური პროგრამა ჯერ ცნობილი არ არის.
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, 6 ივნისს კი, აზერბაიჯანს ეწვევა.

















