საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორს წარადგენს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას განათლების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძე ასრულებს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თანამდებობიდან 28 მაისს გაათავისუფლა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა, რაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
როგორც კოკა სეფერთელაძემ განმარტა, მაია მიმინოშვილსა და დიმიტრი შაშკინს შორის პრინციპული შეუთავსებლობა 3 ძირითად საკითხში გამოიკვეთა.
კერძოდ, მისი თქმით, სამინისტროს სურვილია, რომ პედაგოგებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნას, როგორც სატესტო ნაწილში ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს, რაზეც სამინისტრო მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა.
მეორე შეუთანხმებლობა გამოცდების მოდელზე იყო, რადგან მისივე თქმით, შესაძლოა, 8+1 მოდელზე გადასვლა მოხდეს, რაც საატესტატო გამოცდებს და ერთი, უნარ-ჩვევების გამოცდას გულისხმობს. მისი განმარტებით, მიმინოშვილის მხრიდან ამასაც წინააღმდეგობა მოჰყვა. ხოლო მესამე პრინციპული წინააღმდეგობა საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების გაცემის საკითხს შეეხებოდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე მისი შვილის დასწრებას უკავშირდება. მიმინოშვილმა დაასტურა, რომ მისი შვილი, მეუღლესთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა.
ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა დღეს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. მათი ინფორმაციით, სამსახურიდან ის თანამშრომლებიც წავლენ, რომლებიც საატესტატო გამოცდების გამო, რეგიონებში იმყოფებიან.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს დღეს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა და ცენტრის თანამშრომლებს სამსახურში დარჩენა შესთავაზა, თუმცა, უმრავლესობისგან უარი მიიღო.

















