გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი მაია გაბუნია უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას - გამოცდების ცენტრის შენობაში ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მისვლის თაობაზე.
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას შენობაში მსგავსი პირები არ შეუნიშნავს.
გაბუნია არასერიოზულად მიიჩნევს კომენტარის გაკეთებას, ასევე, სოციალური ქსელით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი უფროსი მაია მიმინოშვილი სასერტიფიკაციო გამოცდებში პედაგოგების მასიურ ჩაჭრას გეგმავდა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, გამოცდების ყველა მონაწილე პროფესიონალიზმის მიხედვით შესაბამის ქულას იღებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, გენერალურმა ინსპექციამ მაია მიმინოშვილზე დასკვნა დადო იმის თაობაზე, რომ ის გამოცდებზე თანამშრომლების ჩაჭრას აპირებდა.

















