ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მართვის პროექტის ახალი სამაგისტრო პროგრამის მორიგი ეტაპი დასრულდა. პროგრამის შედეგები დღეს სასტუმრო „ქორთიარდ
მარიოტში“ კონფერენციაზე შეაჯამეს.
როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ განაცხადა, განათლების მართვის სამაგისტრო პროგრამა უნივერსიტეტში 2009 წლიდან ხორციელდება. მისივე თქმით, დასავლურ სტანდარტებზე აგებულ პროგრამას ქართველი პროფესორები ხელმძღვანელობდნენ, რომლითაც კონსულტაციებს კალიფორნიის, ლოს-ანჯელესის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ექსპერტები უტარებდნენ.
„პროგრამის კურსდამთავრებულები დახელოვნებულები არიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლების მართვა, სკოლის სტრატეგიული განვითარება და მისი ფინანსური, ფიზიკური და ადამიანური რესურსების პრაქტიკულად გამოყენება“ - განაცხადა თევზაძემ.
განათლების ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები პროგრამის კოორდინატორმა სიმონ ჯანაშიამ შეაჯამა. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში გამოიცა 9 წიგნი, შემუშავდა ელექტრონული პორტფოლიოების სისტემაც.
როგორც ჯანაშიამ აღნიშნა, პროგრამის მეორე ციკლის განმავლობაში მაგისტრის ხარისხი 49 კურსდამთავრებულმა მიიღო, 2011-2013 წლის სასწავლო პროგრამაზე კი - მესამე მიღების 64 სტუდენტი ირიცხება. ჯანაშიას განცხადებით, 2012 წლის ოქტომბერში პროგრამის მეოთხე წლის 60 სტუდენტის მიღება იგეგმება.
განათლების მართვის პროექტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.

















