გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დღეს ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საგანგებო
განცხადებას გააკეთებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის თანამშრომელმა მაია გაბუნიამ განუცხადა, თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს გამოთქვამენ.
გაბუნიას თქმით, შესაძლოა, განცხადების გაკეთება ცენტრის შენობაში ვერ მოხერხდეს. ამ შემთხვევაში თანამშრომლები შენობის გარეთ შეიკრიბებიან და იქ შეხვდებიან მედიას.
„დღეს ცენტრში უკვე სამინისტროს წარმომადგენლები არიან. კარი ვისთვის გაიღება და ვისთვის არა, ისინი აკონტროლებენ“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ცენტრის თანამშრომელთა დიდი ნაწილი რეგიონებშია, მაგრამ თბილისში მყოფნი დღეს ყველას აზრს გამოხატავენ.
„მათთან ცხადია სატელეფონო კავშირი არსებობს. ვინც თბილისში ჯერ ვერ ჩამოვიდა, თავისი მოსაზრება უკვე გამოხატეს“ - აღნიშნა გაბუნიამ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა, რაც ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მისი შვილის მიერ 27 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრებას უკავშირდება. მიმინოშვილმა დაასტურა, რომ მისი შვილი, მეუღლესთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა.
ამასთან, გუშინვე, გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მიმინოშვილის გათავისუფლება რეალურ საფრთხეს უქმნის, როგორც ეროვნული გამოცდების, ასევე საატესტატო გამოცდების ჩატარების პროცესს. თანამშრომლებმა სამსახურის დატოვებაზე განცხადებებიც დაწერეს. გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინიც შეხვდა.

















