ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების მართვის პროექტი
დღეს განათლების მართვის საკითხებზე მეორე წლიურ კონფერენციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ერთდღიან კონფერენციას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე გახსნის.
ილიას უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 2010–2012 წლების ჯგუფის 49 კურსამთავრებულთა მეორე ნაკადი განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფაკულტეტის და მონაწილე სკოლების კვლევის კომიტეტების წარმომადგენლებს მათ მიერ პრაქტიკული კვლევის შედეგად მომზადებულ სამაგისტრო ნაშრომებს გააცნობს.
პროგრამის კურსდამთავრებულებმა განათლების ადმინისტრირების ისეთი სფეროები შეისწავლეს, როგორიცაა სტრატეგიული და სკოლის საქმიანობის მართვა, ფინანსები, საკადრო რესურსების მართვა, შენობების და ობიექტების უსაფრთხოება და სხვა.
2009 წელს ილიას უნივერსიტეტში ლოს–ანჟელესის კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით, განათლების მართვის პროექტმა განათლების ადმინისტრირების ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს საქართველოში განათლების მართვის დეცენტრალიზაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა.
განათლების მართვის პროექტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ხორციელდება 2012 წლის ივნისში დასრულდება.

















