ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები ახალ დირექტორ ვასილ კობაიძესთნ მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის
ყოფილმა დირექტორმა და ერთ-ერთმა მფლობელმა დავით ზილფიმიანმა განუცხადა.
„ისინი თვითმარქვია ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის გაგრძელების კატეგორიული წინააღმდეგი არიან და დახმარებას მე მთხოვენ“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
მისივე თქმით, ის ახლა თავისი ყოფილი 25-მდე თანამშრომლის დასაქმების საკითხს აგვარებს.
„ცხადია მათ სრულად დასაქმებას ჩემს კუთვნილ ტელეკომპანია „სტერეო პლუსში“ ვერ შევძლებ. ნახევარს მივიღებ. ვეცდები ნაწილი ჩემს კოლეგებთან სხვა კომპანიებში დავასაქმო“ - განაცხადა მან.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ზილფიმიანს კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლები გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებული „სტერეო პლუსის“ ოფისში ამ დრომდე არ უშვებენ, ის დარწმუნებულია, რომ კუთვნილ ქონებას აუცილებლად დაიბრუნებს.
ზილფიმიანი „პირველი სტერეოს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას ხვალ საქართველოში იტალიის ელჩს გააცნობს.
ტელეკომპანიის ყოფილ და ახალ დირექტორებს დავით ზილფიმიანსა და ვასილ კობაიძეს შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ვასილ კობაიძემ გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობა, სადაც „პირველი სტერეოს“ ოფისი მდებარეობს, კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ მეშვეობით დაიკავა და „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლიუსის“ თანამშრომლებს იქ შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს. ზილფიმიანი მის წინააღმდეგ უკანონო ქმედებების განხორციელებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებს.

















