გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავენ.
როგორც გამოცდების ცენტრის თანამშრომელთა მიმართვაშია აღნიშნული, მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების, ისე მასწავლებელთა სასერტიფიკაციო და საერთო-სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას.
„ამიტომაც, გთხოვთ უშუალოდ თქვენ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოხსნის მსგავს საფრთხეს და საზოგადოების უნდობლობისა და ნიჰილიზმისაგან დაგვიცავს“ - აღნიშნავენ თანამშრომლები.
მათი განცახდებით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველთვის ხელმძღვანელობდა და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპით.
„ცენტრისთვის მთავარ ღირებულებებს განათლების ხარისხი და მისი გაუმჯობესებისთვის მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. გარწმუნებთ, მაია მიმინოშვილის პოზიცია აბსოლუტურად თანხვდება ცენტრის თანამშრომელთა ხედვას, რაც ნიშნავს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ცენტრის ყველა თანამშრომელს და ზოგადად ცენტრის საქმიანობას ეხება“ - აღნიშნულია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.
მათივე თქმით, ნებისმიერი უთანხმოების გადაჭრის გზა უნდა იყოს მოლაპარაკება, დისკუსია და არა ხისტი გადაწყვეტილება, რადგან
პირადი პოზიციის შეუთანხმებლობას განათლების ხარისხი და მისი დაცვისთვის განხოციელებული ღონისძიებები არ უნდა ეწირებოდეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, მიმინოშვილის გათავისუფლების შესახებ შაშკინის გადაწყვეტილება რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობით იყო გამოწვეული.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მიმინოშვილის მოხსნის მიზეზი მისი შვილის ლაშა ყანჩაველის მხრიდან „ქართული ოცნების“ აქციაზე დასწრება გახდა. მიმინოშვილმა დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა და იქვე დასძინა, რომ ლაშა ყანჩაველი ზრდასრული, დამოუკიდებელი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებებს სად უნდა წავიდეს.

















