განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან
გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განათლების სისტემაში არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა მიმდინარეობს, რომლის მთავარი ამოცანა ჩვენს ქვეყანაში განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.
„სამწუხაროდ, რეფორმების პროცესში განათლების სამინისტროს პოლიტიკასა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობა წარმოიქმნა. კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“- ნათქვამია განცახადებაში.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას უზრუნველყოფს.

















