საქველმოქმედო ღონისძიება - „გრძნობებით დანახული სამყარო“ დღეს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის
სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ახალგაზრდობის ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიებაში თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა, თბილისის მე-200 სკოლა-პანსიონი, საჯარო, კერძო, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული სკოლების მოსწავლეები, საქართველოს მწერალთა კავშირი და ახალგაზრდა მხატვრები მიიღებენ მონაწილეობას.
მოეწყობა გამოფენა - გაყიდვა. წარმოადგენენ საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ გადმოცემულ წიგნებს, ახალგაზრდა მხატვრების ნახატებს და ყველა მონაწილე სკოლის მოსწავლეების ნამუშევრებს.
თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრები და ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაეცემათ.
ღონისძიება საერთაშორისო გაზეთის - „Caucasus Times საქართველო“, საპატრიარქოსა და ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.

















