ელექტრონული მუსიკის ფესტივალი - „მეორე სიცოცხლე“ დღეს, ყოფილი გამომცემლობის შენობაში გაიმართება.
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში სემინარებს და ელექტრონული მუსიკის თანამედროვე მიმდინარეობების შესახებ ვორქშოფებს წარმოადგენენ.
დამსწრეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ კონკრეტული მიმდინარეობების საფუძვლებს და ელექტროკომპოზიციის დაწერა თავადაც სცადონ.
ფესტივალის მთავარი ნაწილი ელექტრონული მუსიკის კონცერტი იქნება, რომელიც „გამომცემლობის“ შიდა ეზოში 16:00 საათზე დაიწყება.
ფესტივალზე ასევე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ აქსესუარებს და მაისურებს წარმოადგენენ, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ლუდის კუთხეც გაიხსნება.
ანალოგიური ღონისძიება პირველად 2010 წლის ნოემბერში ჭიათურაში ჩატარდა.
„მეორე სიცოცხლის“ მთავარი მიზანი ელექტრონული მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარებაა.

















