ტელეკომპანია „პირველ სტერეოში“ დაპირისპირებულ მხარეებს - ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანსა და ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელს გიორგი ყავლაშვილს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა ისევ ჩაიშალა.
მოლაპარაკების მიზნით, ტელეკომპანიაში 12.00 საათისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ყავლაშვილი არ გამოცხადდა.
ჟურნალისტები დაუკავშირდნენ ყავლაშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ის დღეს, „სტერეოში“ მისვლას არ აპირებს.
აღნიშნულ ფაქტზე ზილფიმიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ბეჟუაშვილები, ადეიშვილები და მერაბიშვილები ასე დიდხანს ვერ გააგრძელებენ. ჩვენი არჩეული პრეზიდენტის ჩამოსვლის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის. მას, ადეიშვილსა და სიმართლეს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს“-განაცხადა მან.
ზილფიმიანი ხვალ რამდენიმე აქციას გეგმავს. კერძოდ, მისი თქმით, თანამშრომლებთან ერთად ცენტრალური ანძის მმართველ კომპანია შპს „ალფაკომთან“, „პირველი სტერეოს“ სიგნალის გათიშვას გააპროტესტებს. შემდეგ, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან მივა, რადგან, მისივე თქმით, „სტერეოს“ წინააღმდეგ განხორციელებულ კრიმინალურ ქმედებებში აღნიშნული უწყებაც მონაწილეობს. მოგვიანებით კი, ის შპს „ალფაკომის“ გენერალური დირექტორის ვასილ კავაძის წინააღმდეგ, სასამართლოში საჩივარს შეიტანს.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დავა მიმდინარეობს, თუმცა, მოლაპარაკების დაწყება ვერ ხერხდება. ტელეკომპანიების „სტერეო პლუსისა“ და „პირველი სტერეოს“ თანამშრომლებს გეოფიზიკის ინსტიტუტში მდებარე მათ ოფისში შესვლის საშუალებას ახლი დირექტორის კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლები არ უშვებენ.

















