ტელეკომპანია „პირველ სტერეოში“ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების პროცესს სავარაუდოდ დღეს განაახლებენ.
ტელევიზიის ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანისა და ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენლის გიორგი ყავლაშვილის შეხვედრა დღეს, 12.00 საათზე იგეგმება.
მხარეთა შორის მოლაპარაკება გუშინ შედგა, თუმცა, შეხვედრიდან გამოსულმა ზილფიმიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რიგ საკითხზე შეუთანხმებლობის გამო, პროცესი ჩაიშალა.
კერძოდ, შეხვედრაზე ახალი დირექტორისთვის ფინანსური და იურიდული დოკუმენტაციის გადაცემა უნდა მომხდარიყო, რის შემდეგ სხვა სადავო საკითხების მოგვარება დაიწყებოდა, თუმცა, მოლაპარაკება ვერ მოხერხდა.
„პირველი სტერეოს“ თანამფლობელებს - ვასილ კობაიძესა და დავით ზილფიმიანს შორის, რომელიც ასევე, ტელეკომპანია „სტერეო პლუსის“ 100% წილის მფლობელიცაა, დავა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. კობაიძემ იმ დროისთვის „პირველი სტერეოს“ დირექტორს ზილფიმიანს სასამართლოში ფინანსური ზიანის მიყენების ბრალდებით უჩივლა და მისი ქონების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ ზილფიმიანის წილი „პირველ სტერეოსა“ და „სტერეო პლუსში“ დააყადაღა. შემდეგ, კობაიძემ „პირველი სტერეოს“ პარტნიორთა კრება ჩაატარა, სადაც ზილფიმიანი დირექტორობიდან გათავისუფლდა და მის ნაცვლად კობაიძე დაინიშნა.
ზილფიმიანის განმარტებით, პარტნიორთა საბჭოს კრება წესების დარღვევით ჩატარდა და ამიტომ, ის თავს ისევ „პირველი სტერეოს“ დირექტორად მიიჩნევს. ასევე, უკანონოს უწოდებს მისი ქონების დაყადაღების ფაქტს.
რამდენიმე დღის წინ, კობაიძის მიერ დაქირავებულმა კერძო დაცვის სამსახურის „მგლების“ თანამშრომლებმა გეოფიზიკის ინსტისტუტში მდებარე „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის“ ოფისები დაიკავეს და იქ შესვლისა და მუშაობის უფლებას არც ზილფიმიანს და არც სხვა თანამშრომლებს არ აძლევენ.

















