ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი ბუბა კუდავა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთ წარმომადგენლელს, ისტორიკოსს ჯაბა სამუშიას მოქვის სახარების გადარჩენის პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
როგორც ბუბა კუდავამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, სამუშიას მხრიდან რამდენიმე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.
„ერთი უხეში შეცდომა იყო ის, რომ სამუშიამ თქვა, მოქვის სახარების რესტავრაციის პროექტი არ არის ფინანსურად დიდი პროექტიო. სინამდვილეში, ეს დიდბიუჯეტიანი პროექტია და შესაძლოა, ჯამში რამდენიმე მილიონი აშშ დოლარიც შეადგინოს“ - აღნიშნა კუდავამ.
ასევე, კუდავას განცხადებით, არასწორია სამუშიას ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ პროექტში სახელმწიფო არ მონაწილეობს.
„პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებს არამარტო იუნესკო, არამედ საქართველოში იუნესკო-ს ის წარმომადგენლობა განსაზღრავს, რომელშიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები შედიან. იუნესკოს გრანტიც სწორედ მათი დახმარებით მოვიპოვეთ. ასევე, სახელმწიფო მზადაა მოქვის სახარების აღდგენის შემდგომი ეტაპი დააფინანსოს“ -განაცხადა მან.
ბუბა კუდავამ „ნიუსპრესთან“ საუბრისას ასევე, აღნიშნა, რომ მისი კოლეგების ერთი ნაწილის მხრიდან არასწორად იქნა გაგებული მოქვის სახარების აღდგენის საკითხში საზოგადოების ჩართვის მცდელობაც.
მისივე განმარტებით, სწორედ საზოგადოების მსგავსი ჩართულობის საშუალებით დამატებითი ფინანსების მოზიდვა და პრობლემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება ხდება.
„კარგად მესმის, რომ პოლიტიკოსებს ზოგიერთი საკითხების პოლიტიზირება სურთ, თუმცა, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა მიმართ ჩემი თხოვნაა, რომ მოქვის სახარების პოლიტიზირებით მისი აღდგენის საქმეს ნუ გააფუჭებენ. ამ საქმეს ყველამ ერთად უნდა მივხედოთ“ - აღნიშნა მან.
ჯაბა სამუშიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოქვის სახარებაზე მუშაობა არც ისე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და მისი გამონახვა, როგორც სამინისტროს დონეზე, ასევე, ქვეყნის ბიუჯეტიდან თავისუფლად შეიძლებოდა.
მან აღნიშნა, რომ მოქვის სახარების გადარჩენის საკითხი ერთი კონკრეტული ცენტრის მიზანი არ უნდა ყოფილიყო და მის გადარჩენაზე სახელმწიფოს აქამდე უნდა ეზრუნა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამუშიამ განუცხადა, მოქვის სახარება მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც უნიკალური მინიატურებით არის ილუსტრირებული და ის სასწრაფოდ აღდგენას საჭიოებს.
მისივე თქმით, ძეგლის აღდგენაზე მხოლოდ ერთი კონკრეტული ცენტრი კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ ასეთი ძეგლების დაფინანსება მთლიანად სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს.
„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, სამეცნიერო წრეები, ბოლო რამდენიმე წელია სახარების აღდგენისთვის ფულს აგროვებენ. მათ თანხა დამოუკიდებლად მოიძიეს და ეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დამსახურებაა. თუმცა, აქ მე სახელმწიფოს გულგრილობაზე ვსაუბრობ, სახელმწიფოს ამ საკითხზე აქამდე უნდა ეზრუნა და ეს საკითხი მხოლოდ ცენტრისა და საერთაშორსო ორგანიზაციების ამარა არ უნდა დაეტოვებინა“ - განაცხადა მან.
მოქვის სახარება ოჩამჩირის რაიონში მდებარე მოქვის მონასტერში მთავარეპისკოპოს დანიელის დაკვეთით გადაიწერა. ხელნაწერის შექმნის ხანგრძლივი პროცესი 1 300 წელს დასრულდა. თუმცა, იგი დროთა განმავლობაში დაზიანდა. სახარების გადასარჩენად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინიციატივით, აქტიური კამპანია მიმდინარეობს. ამასთან, მოხდა იუნსკო-ს გრანტის მოძიებაც, რომლის ფარგლებში სახარების აღდგენის ერთი ეტაპი - მისი დიაგნოსტიკა მოხერხდა. სახარების რესტავრაცია-კონსერვაციის ეტაპობრივად განხორციელებაა დაგეგმილი.

















