ტელეკომპანია „პირველ სტერეოში“ დაპირისპირებული მხარეები, სავარაუდოდ, ახალი დირექტორის დანიშვნაზე შეთანხმდებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს „პირველი სტერეოს“ ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა განუცხადა.
„ახალი დირექტორის პოსტზე კანდიდატურა შემომთავაზეს. მას ვენდობი და მზად ვარ, ამ კანდიდატს მხარი დავუჭირო“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
ახალი დირექტორის კანდიდატურა ამ დროისთვის არ ხმაურდება.
ზილფიმიანის თქმით, ახალი დირექტორის დანიშვნა ამჯერად უკვე კანონის ყველა ნორმის დაცვით უნდა მოხდეს, უნდა გაუქმდეს წინა დირექტორის - ვასილ კობაიძის დანიშვნის აქტი და დაინიშნოს პარტნიორთა კრების ახალი თარიღი, სადაც ყველა პარტნიორი იქნება წარმოდგენლი.
მისი განცხადებით, ტელეკომპანიის იტალიელი პარტნიორები კრებისთვის ჩამოსვლას გეგმავენ, მაგრამ, თუ ვერ მოხერხდა, ის მათგან გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მინდობილობას მიიღებს.
ზილფიმიანმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია კომისიის შექმნა, რომელიც ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, მისთვის ყველა იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემაზე იზრუნებს.
ამ დროისთვის, ზილფიმიანი და „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები ტელევიზიის ოფისთან ვასილ კობაიძის წარმომადგენელს გიორგი ყავლაშვილს ელოდებიან. ყავლაშვილსა და ზილფიმიანს შორის ყველა საკითხზე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.

















