თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატი წევრი ზაზა გაბუნია სანიაღვრე ქსელების მმართველი კომპანიის ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბებას ითხოვს.
როგორც მან დღეს, საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების პრობლემა ქალაქში ისევ რჩება, რის გამოც საქალაქო ინფრასტრუქტურა ზიანდება, ამასთანავე ქალაქი იტბორება.
მისივე თქმით, სანიაღვრე ქსელების გაუმართაობაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ 12 მაისს ჭარბმა ნალექმა წყალდიდობის სახე მიიღო.
„1999 წლის 22 ივნისს დაარსებული შპს „სანიაღვრე ქსელები“, რომლის ერთადერთი მოვალეობა იყო ეზრუნა სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე, 2012 წელს გაუქმდა და მისი უფლებამოსილება შპს „თბილსერვისჯგუფს“ გადაეცა, რომელიც ამ საკითხთან ერთად, დედაქალაქში რამდენიმე მიმართულებას კურირებს“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, „თბილსერვისჯგუფს“ მენეჯმენტის პრობლემა აქვს, რადგან მრავალფეროვანი პროფილის მქონე ორგანიზაციამ სანიაღვრე ქსელების საკითხზე კონცენტრირება ვერ მოახერხა.
„ქრისტიან-დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ ქალაქში სანიაღვრე ქსელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს, ამის მიზეზი კი, კომპანიის არაეფექტური მენეჯმენტია“-აღნიშნა მან.
“ქრისტიან-დემოკრატები” ითხოვენ სანიაღვრე ქსელების მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია ისევ ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბდეს, რომლის უმთავრესი და ერთადერთი ფუნქცია სწორედ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა იქნება.

















