ტელეკომპანია „სტერეო პლუსის“ თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელების საშუალება დღეს მიეცემათ.
ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ, ტელეკომპანიების „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის“ ერთ-ერთ მფლობელს დავით ზილფიმიანსა და „პირველი სტერეოს“ ახალი დირექტორის წარმომადგენელის გიორგი ყავლაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.
როგორც ჟურნალისტებს ყავლაშვილმა განუცხადა, დღეიდან ახალ ხელმძღვანელობას ტელეკომპანიის ოფიციალური დოკუმენტები ჩაბარდება. ასევე, მოხდება ტელეკომპანიების „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის“ გამიჯვნა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ „სტერეო პლუსის“ თანამშრომლებს დღის ბოლოსთვის სამსახურში დაბრუნების საშუალება ექნებათ. რაც შეეხება სხვა სადავო საკითხებს, მათზე შეთანხმება ორ-სამ დღეში მოხდება“- განაცხადა ყავლაშვილმა.
„პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის თანამშრომლები ოფისთან დღეს 12:00 საათისთვის შეიკრიბებიან.
ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ თანამფლობელებს ვასილ კობაიძესა და დავით ზილფიმიანს შორის, რომელიც ასევე, ტელეკომპანია „სტერეო პლუსის“ 100% წილის მფლობელიცაა, დავა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. კობაიძემ იმ დროისთვის „პირველი სტერეოს“ დირექტორ ზილფიმიანს სასამართლოში ფინანსური ზიანის მიყენების ბრალდებით უჩივლა და მისი ქონების დაყადაღება მოითხოვა. სასამართლომ ზილფიმიანის წილი, როგორც „პირველ სტერეოში“, ასევე „სტერეო პლუსშიც“ დააყადაღა. შემდეგ კობაიძემ „პირველი სტერეოს“ პარტნიორთა კრება ჩაატარა, სადაც ზილფიმიანი დირექტორობიდან იქნა გათავისუფლებული, ახალ დირექტორად კი, კობაიძე დაინიშნა.
ზილფიმიანმა განაცხადა, რომ პარტნიორთა საბჭოს კრება წესების დარღვევით ჩატარდა და ამიტომ ის თავს ისევ „პირველი სტერეოს“ დირექტორად მიიჩნევს. ასევე, უკანონოდ მიიჩნევს მისი ქონების დაყადაღებას. რამდენიმე დღის წინ, კობაიძის მიერ დაქირავებულმა კერძო დაცვის სამსახურის „მგლების“ თანამშრომლებმა გეოფიზიკის ინსტისტუტში მდებარე „პირველი სტერეოსა“ და „სტერეო პლუსის“ ოფისები დაიკავეს და იქ შესვლისა და მუშაობის უფლება არც ზილფიმიანსა და არც სხვა თანამშრომლებს არ ეძლევათ.

















