სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ "ახალ სამშობიარო ცენტრს", "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ლიცენზია შეუჩერა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტომ ეს გადაწყვეტილება გარდაცვლილი მშობიარის, ნინო მარტოიანის საქმის მოკვლევის შედეგად მიიღო.
სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნის თანახმად, კლინიკაში ადგილი აქვს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობას. სს "ახალი სამშობიარო ცენტრი" მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს ფუნქციონირებას, როცა დაცული იქნება კანონით დადგენილი ყველა სანებართვო ნორმა.
პროფესიული განვითარების საბჭო ასევე ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზეც იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ჯანდაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის გადაწყვეტილებით, "ახალი სამშობიარო ცენტრის" პაციენტები სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდებიან. მათი ტრანსპორტირების ხარჯებს სამინისტრო აანაზღაურებს.
"ახალ სამშობიარო ცენტრში" 27 წლის მშობიარე ნინო მარტოიანი 18 თებერვალს გარდაიცვალა.

















