საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი რამაზ სულამანიძე დღეს სოციალურ საწარმო „Auto Life“-ს ესტუმრნენ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათ ის ახალგაზრდები მოინახულეს, რომლებიც საწარმოში სამუშაო პრაქტიკას გადიან.
ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდები გაიცნეს და მათი სამუშაო გარემო დაათვალიერეს.
ავტომობილების მომსახურების ცენტრში - „Auto Life“ ავტო შემკეთებლის პროფესიას 5 სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ეუფლება.
2010 წლიდან ასოციაცია “Life Chance”-მა, გერმანიის საელჩოს დახმარებით, სოციალური საწარმო “Auto Life” დააფუძნა.
სოციალური საწარმოს მიზანია, სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს და ბავშვთა სახლების ყოფილ აღსაზრდელებს დაეხმაროს, დაეუფლონ ავტო შემკეთებლის პროფესიას და მიიღონ გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 17-მა ახალგაზრდამ პრაქტიკული და თეორიული სწავლება უკვე გაიარა.

















