„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ დღეს ჟურნალისტებს პარტიის პროგრამა გააცნო.
ბაჩუკი ქარდავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პარტიის წარმომადგენლების შეხვედრები რეგიონებსა და თბილისში წარმატებით მიმდინარეობს.
მისი თქმით, პარტიის პროგრამა განახლებულია, რომელშიც ძირითადი აქცენტები იმ სოციალურ პრობლემებზეა გაკეთებული, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.
„ეს არის უმუშევრობა - ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ედპ-ს უმუშევრობის დაძლევის საკმაოდ რეალური გეგმა გააჩნია, ამიტომ პროგრამას პირდაპირ „დასაქმებული საქართველო“ ეწოდება“ - აღნიშნა ქარდავამ.
ედპ-ს ლიდერმა ასევე, ყურადღება გაამახვილა პარტიის ახალ ინიციატივაზე, რომელიც პარტიის განახლებულ პროგრამაშია შესული.
„ეს ეხება „დიასახლისის სოციალური სტატუსის“ შემოღებას, რომელიც სოციალური პრობლემის შემადგენელი ნაწილია. ეს გულისხმობს დიასახლისის სოციალური სტატუსის იმ მოქალაქეებთან გათანაბრებას, რომლებიც დასაქმებულნი არიან“ - განაცხადა ქარდავამ.
მისივე განმარტებით, დიასახლისებმა შრომითი პენსია და სრულყოფილი სამედიცინო დაზღვევა უნდა მიიღონ.

















