23 მაისი ქართული რადიოს დღეა. ამასთან დაკავშირებით ხვალ, 18:00 საათზე საგანმანათლებლო ცენტრ „ლანგეითთან“ არსებულ თავისუფალი შეხვედრების კლუბში საღამო გაიმართება.
საღამოზე რადიოჟურნალისტების მიერ კერძო არქივში დაცული საინტერესო ვიდეომასალა და ჟურნალისტ ირმა ხარშილაძის მიერ შემონახული 15 წლის წინანდელი კადრები იქნება ნაჩვენები.
საღამოს მონაწილეები რადიოსთან დაკავშირებულ კითხვებს გასცემენ პასუხებს. ღონისძიებიდან რადიოს პირდაპირ ეთერში, საზოგადოებრივი რადიოს გენერალური დირექტორის მოადგილეს ლია წიკლაურს ჩართავენ.
აღნიშნულ საღამოს დაესწრებიან საქართველოს, ამჟამად კი საზოგადოებრივი რადიოს სხვადასხვა დროის ძველი და ახალი თანამშრომლები, მათ შორის - თამარ ჭოხონელიძე, ნანული აბესაძე, ზურაბ ცინცქილაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ნანული სარაჯიშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ასევე რადიოს ძველი ხელმძღვანელები რამინ ჭელიძე და ვახტანგ ნანიტაშვილი.
საქართველოს რადიო, რომელიც 1925 წლიდან მაუწყებლობს, ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა. მრავალი ათეული წლის განმავლობაში ის უალტერნატივო მაუწყებლად რჩებოდა, თუმცა, ქართულმა რადიომ მსმენელი ტელევიზიის ამოქმედების შემდეგაც შეინარჩუნა.

















