მასწავლებლის სახლში პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ტრენინგები უფასოა და დასწრება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.
მასწავლებლის სახლში დღეს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგს ზოგად უნარებში მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი დაესწრნენ.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით გრძელდება. სერტიფიცირების გავლას ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგებიც შეძლებენ. გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად მინიმუმ ერთწლიანი სწავლების სტაჟი აღარ არის საჭირო. სერტიფიცირების გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.