ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ ყოფილი დირექტორი დავით ზილფიმიანი, ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენლებს ტელევიზიის საეთერო სტუდიის კარის გატეხვაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში მდებარე „პირველი სტერეოს“ ოფისის წინ განუცხადა.
მისი განმარტებით, შენობაში მისი წარმომადგენელი და ფინანსური განყოფილების უფროსი ვახტანგ ჭკუასელი კობაიძის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა და მან დაინახა, რომ „პირველი სტერეოს“ საეთერო გამშვები სტუდიის კარი ღია იყო. ფაქტი თავად ჭკუასელმაც დაადასტურა. ამის შემდეგ, დავით ზილფიმიანმა შენობაში მყოფ, კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლებს აღნიშნულის გამო პასუხი მოსთხოვა.
„საეთეროს კარი დაკეტილი დავტოვე. მისი გასაღები მხოლოდ მე მქონდა და რატომ არ მოხდა ჩემი ქონების დაცვა“ - განუცხადა ზილფიმიანმა დაცვის თანამშრომლებს.
„მგლების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჯანელიძემ ეს ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ საეთეროს კარი არავის გაუტეხავს. ამას მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ კი, დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს დისტანციური კამერით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ კობაიძის წარმომადგენლებმა მართლაც გააღეს საეთეროს კარი და ისინი ზილფიმიანის დაუკითხავად ოთახში იმყოფებოდნენ.
„ამ კადრებს ამერიკის საელჩოსა და მედიის წარმომადგენლებს გადავცემ“ - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
მან ასევე, საკუთარ თანამშრომლებს მოუწოდა დაძაბულ სიტუაციაში პროვოკაციებს არ აჰყვნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

















