„პირველი სტერეოს“ თანამშრომლებს გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში მდებარე ტელეკომაპანიის ოფისში შესვლის უფლება მას შემდეგ მიეცემათ,
რაც ტელეკოპმანიის ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენლებისთვის ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადაცემა მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კობაიძის წარმომადგენელმა გიორგი ყავლაშვილმა განუცხადა.
„ჩვენ ბუღალტერთან დაკავშირებას ვცდილობთ, რომ ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციების შესწავლა მოხდეს. როგორც კი ეს პროცესი განხორციელდება, ყველანაირი შეზღუდვა მოიხსნება“ - განაცხადა ყავლაშვილმა.
მისივე განმარტებით, ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის შენობაში შეშვებისა და სხვა სახის შეზღუდვების დაწესება ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის ქმედებებმა გამოიწვია.
„როდესაც ხმათა უმრავლესობის მქონე პარტნიორი თანამდებობიდან გაგათავისუფლებს, ეს საკითხი სამართლებრივ სივრცეში უნდა გადაწყდეს და არა ისეთი ზომებით, რომელიც ზილფიმიანმა მიიღო. დაძაბეული სიტუაცია რომ არ შექმნილიყო, ჩვენგანაც ხელის შეშლა არ იქნებოდა“-განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.
მისივე განმარტებით, შეზღუდვის მოხსნის შემთხვევაში, ზილფიმიანი დირექტორის კაბინეტს ვერ დაიკავებს, ხოლო როგორც ტელეკომპანიის ერთ-ერთ პარტნიორს, თავის საქმიანობაში ხელი არ შეეშლება.
ტელეკომპანიის თანამშრომლები პირველი სტერეოს შენობაში შესვლას ამ დრომდე ცდილობენ, თუმცა, მათ ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლები ამის საშუალებას არ აძლევენ.
როგორც მგლების გენერალურმა დირექტორმა ლევან ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შენობაში შემსვლელთა დამატებითი სიები არ მიუღიათ.

















