საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქომაგი“ ანგარიშების დაყადაღების შესახებ კონტროლის პალატის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. შესაბამისი განცხადება "ქომაგმა" დღეს გაავრცელა.
ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლებისა და კონტროლის პალატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა სოლიდარობისა და ქველმოქმედების პრინციპები, რაც „ქომაგის“ წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში გამოიხატა, ამის მაგალითი კი კონტროლის პალატის მიერ ფონდის საბანკო ანგარიშის დაყადაღების სურვილია.
"უფრო დეტალურ კომენტარს კონტროლის პალატის უკანონო ქმედებებზე ფონდის იურისტები მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ეს უწყება ოფიციალურად წარმოადგენს კონკრეტულ ბრალდებას. ამთავითვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ფონდი არ აპირებს შეეგუოს ასეთ უსამართლობას და აუცილებლად გაასაჩივრებს ანგარიშის დაყადაღების გადაწყვეტილებას, თუკი ამას რეალურად ექნება ადგილი" - ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის წარმომადგენლეთა განმარტებით, „ქომაგი“ თავის საქმეს აგრძელებს, რაც, ამ ეტაპზე, დაზარალებულ მოქალაქეთა განცხადებების მიღებასა და თითეული შემთხვევის დეტალურ შესწავლაში გამოიხატება.
"მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლია, ფონდის კარი ღიაა ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11-დან 18 საათამდე" - აცხადებენ ფონდში.
ამასთან, "ქომაგი" საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მოუწოდებს, ფონდში თუნდაც ერთი ლარი გადარიცხონ და ამით უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს მორალური და მატერიალური დახმარება აღმოუჩინონ.

















