ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის უკანონოდ დაკავებისა და ცემის ფაქტს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის უწყების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შეფასებას აძლევს.
როგორც ხატიაშვილმა დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პოლიციის შენობების გადაღებასთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ არსებობს და ჟურნალისტს ნებისმიერი შენობის გადაღება შეუძლია.
„მერაბიშვილის, ადეიშვილის, კუბლაშვილის და სააკაშვილის წინააღმდეგ ჟურნალისტებს რამდენჯერმე მოგმართეთ, სადაც, მათ პერსონა ნონ გრატად ცნობას და ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შეშვებას მოვითხოვდით“ - განაცხადა ხატიაშვილმა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმაც იგივე უნდა გააკეთონ და ერთმანეთს გვერდით დაუდგენენ.
,,მთივლიშვილით ეს პროცესი არ დამთავრდება. გადახედეთ ფაშიზმის დროს როგორ ექცეოდნენ ჟურნალისტებს. ის რეჟიმია დღეს საქართველოში - დემოკრატიის შუქურის ფსევდონიმი“ - განმარტა ხატიაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ფაქტს არავინ გამოიძიებს, ამიტომ, აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტები უნდა გაერთიანდნენ, რადგან მომავალში ახალი მთივლიშვილი, შესაძლოა, ნებისმიერი ჟურნალისტი გახდეს.
მთივლიშვილი გუშინ, თიანეთში პოლიციის შენობის გადაღებისას დააკავეს. როგორც მთივლიშვილმა განაცხადა, პოლიციის შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც მისი საავადმყოფოში მოთავსება გახდა აუცილებელი.

















