ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს“ თანამფლობელმა და ყოფილმა დირექტორმა დავით ზილფიმიანმა, ტელევიზიის ირგვლივ ბოლო დროს შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია აშშ-სა და იტალიის საელჩოების წარმომადგენლებს მიაწოდა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, ,,პირველი სტერეოს“ ოფისთან განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკის საელჩოში შეხვედრა მაღალი რანგის პირებთან ჰქონდა, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ ,,პირველ სტერეოში“ არსებული დაპირისპირება დადებითი შედეგებით დასრულდება. რაც შეეხება იტალიის საელჩოს, ზილფიმიანის განცხადებით, მათაც სრული ინფორმაცია აქვთ მიმდინარე მოვლენებზე.
,,ისინი ამ ყველაფრის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმირებას დღეს აპირებენ“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
ამასთან, ხვალ 13:00 საათზე დავით ზილფიმიანი ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.
ზილფიმიანი ტელეკომპანიის დირექტორობიდან რამდენიმე დღის წინ გადააყენეს. ,,პირველი სტერეოს“ ახალმა დირექტორმა ვასილ კობაიძემ ტელევიზიის ოფისი კერძო დაცვის თანამშრომლების მეშვეობით დიკავა. ამჟამად, შენობაში „პირველი სტერეოს“ თანამშრომლებს არ უშვებენ.

















