ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ მომსახურე პერსონალს დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლები ტელევიზიის შენობაში ისევ არ უშვებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „პირველი სტერეოს“ პროგრამების დირექტორმა ლევან ზილფიმიანმა განუცხადა, დაცვის თანამშრომლებისგან პარასკევს პირობა მიიღეს, რომ ორშაბათიდან „პირველ სტერეოში“ მუშაობას შეუფერხებლად შეძლებდნენ.
„თუმცა, როგორც ხედავთ, ნახევარი საათია ტელევიზიაში შეშვებას ვითხოვთ, მაგრამ უშედეგოდ. დაცვის წევრები გვიცხადებენ, რომ ბრძანება აქვთ არ შეგვიშვან და, რომ 3 საათამდე სიტუაცია არ გაირკვევა“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
გეოფიზიკის ინსტიტუტთან შეკრებილი „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები, ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის დავით ზილფიმიანის მოსვლას ელოდებიან, რომ სამოქმედო გეგმები დასახონ.
ზილფიმიანის განცხადებით, კერძო დაცვის კომპანია „მგლების“ თანამშრომლები გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს სპეციალური სიებით უშვებენ, ამასთან აფრთხილებენ, რომ შენობა 6 საათამდე უნდა დატოვონ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, „პირველი სტერეოს“ შენობაში მისი ახალი დირექტორის და თანამფლობელის ვასილ კობაიძის მიერ დაქირავებული კერძო დაცვის კომპანიის თანამშრომლები შევიდნენ, შენობა დაიკავეს და გეოფიზიკის ინსტიტუტში შესვლის პირობებს ისინი აკონტროლებენ.

















