ანაკლიაში დღეს ჩერქეზული დღეები გაიხნება.
როგორც „ნიუსპრესს“ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს აპარატიდან აცნობეს, იმ ადგილებში, სადაც მე-19 საუკუნეში ოსმალოთა იმპერიაში გადასახლებულმა ჩერქეზულმა მოსახლეობამ გაიარა, ზღვაზე გემებით გავლენ და წყალში გვირგვინებს გაუშვებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ სიმბოლური ჟესტით ღონისძიების მონაწილეები რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
დღესვე, ანაკლიის ცენტრში ჩერქეზთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება.
ხვალ კი, ანაკლიაში ჩერქეზული დღეები სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდება. მოეწყობა ტრადიციული ხელნაკეთი ჩერქეზული ნივთების გამოფენა. გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.
ასევე, ანაკლიის სასტუმრო „ოქროს საწმისში“ სამეცნიერო კონფერენცია -„ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შედეგები“ გაიხსნება.
ჩერქეზული დღეები ხვალ საღამოს, განმუხურის ამფითეატრში ჩერქეზული და ქართული ანსამბლების მონაწილეობით საზეიმო გალაკონცერტით დასრულდება.

















