2011 წლის 21-26 მაისის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით „სახალხო კრება“ მომავალ კვირაში რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა, ხვალ 14.00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაფართოებული შეხვედრა გაიმართება.
„ღონისძიებაზე ექსპერტები, ჟურნალისტები, საზოგადოების ცნობილი თუ უცნობი სახეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან მოწვეული. ჩვენ გასული წლის 26 მაისის მოვლენებზე ვისაუბრებთ“-აღნიშნა ბათიაშვილმა.
23 მაისს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრები 2011 წლის 21 მაისს ბათუმში გამართული აქციის წლისთავს აჭარის მოსახლეობასთან ერთად, ამავე ქალაქში აღნიშნავენ.
25 მაისს „სახალხო კრების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია შეხვედრას საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართავს.
26 მაისს 12:00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, „სახალხო კრება“ 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა მოსახსენიებელ პანაშვიდს, ხოლო დაზარალებულთა და დაპატიმრებულთათვის პარაკლისს გადაიხდის.

















