დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დღეს გამართული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეჩერდნენ.
მათ სპეციალური მიმართვა წაიკითხეს, რომელშიც სამი მოთხოვნაა დაფიქსირებული - გამოქვეყნდეს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრების დელიმატაცია-დემარკაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია, ამ საკითხთან დაკავშირებით არ გაფორმდეს რაიმე სახის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დავით გარეჯი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაფიქსირდება და მესამე მოთხოვნაა - ორივე მხარემ უზრუნველყოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიიდან მესაზღვრეების გაყვანა და მომლოცველებისთვისა და ტურისტებისთვის თავისუფალი გადაადგილების საშუალება იქნეს უზრუნველყოფილი.
ისინი ასევე მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს შეუერთდნენ მსვლელობას, რომელიც ხვალ დილის 6.30 საათიდან, სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყება.
დღევანდელი საპროტესტო მსვლელობის ორგანიზატორები საინიციატივო ჯგუფი “დაიცავი დავით გარეჯი“ და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნები“ იყვნენ. მსვლელობას რამდენიმე ათასი მონაწილე ჰყავდა და იგი ვაკის პარკიდან დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებმა მიმართვა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩსაც გაუგზავნეს.

















