საზოგადოებრივმა მოძრაობამ ,,პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“, ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოში საწვავზე ფასების კვლევის შედეგები პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიტანა.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, პრეზიდენტი გაეცნოს აღნიშნულ კვლევას დამასზე შესაბამისი რეაგირებაც მოახდინოს.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, ბექა კემულარიამ ,,ნისუპრესთან“ საუბარში განაცხადა ნავთობკომპანიები საქართველოში დანაშაულს ჩადიან და არღვევენ სისხლის სამართლის კოდექსის 195 მუხლს მონოპოლიის შესახებ.
კემულარიას განმარტებით, თუკი პრეზიდენტი აღნიშნულ კვლევაზე რეაგირებას არ მოახდენს, ის ავტომატურად დამნაშავე გახდება და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველოში არსებული საწვავის მაღალი ფასებით, პრეზიდენტი პირად სარგებელს ნახულობს.
,,ჩვენ შევისწავლეთ ევროკავშირის 27 ქვეყანაში საწვავის ფასები და აღმოჩნდა რომ ფასნამატი საქართველოში ყველაზე მაღალია. მოვითხოვთ უშუალოდ პრეზიდენტისგან, რომ შესწავლილ იქნას აღნიშნული საკითხი და დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები“- აღნიშნა კემულარიამ.
აქციის აქტივისტები, ბენზინზე ფასის 62 თეთრით და დიზელზე 65 თეთრით შემცირებას ითხოვენ. მათვე მოთხოვნაა, გამკაცრდეს საწვავის ხარისხის კონტროლი და დაწესდეს მომხმარებლის მიერ შეძენილი საწვავის, მოცულობისა და წონის სიზუსტის კონტროლი.
,,მოვითხოვთ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი უმოქმედება აღიქმება როგორც დანაშაულზე ხელის დაფარება. თქვენი უმოქმედობით დაამტკიცებთ პირად მატერიალურ დაინტერესებას ამ ბიზნესში და გამართლდება ჩვენი ვარაუდი, რომ საწვავის უსამართლო ფასნამატი თქვენს ჯიბეში მიდის“- განაცხადა ბექა კემულარიამ.
გარდა პრეზიდენტის რეზიდენციისა, საწვავის ბაზრის კვლევის შედეგებს, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“ წარმომადგენლები პროკურატურაში, ასევე ეკონომიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოში შეიტანენ.
იმ შემთხვევაში თუკი, ამ უწყებების მხრიდან, რეაგირება არ მოხდება, ,,პროტესტი საწვავის ქართულს ფასებს“ აქტივისტების თქმით, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

















