ტელეკომპანია პირველ სტერეოში, მისი 65% იანი წილის მფლობელისა და ახალი დირექტორის ვასილ კობაიძის წარმომადგენელი - გიორგი ყავლაშვილი იმყოფებოდა.
ის შექმნილ სიტუაციას პირადად გაეცნო და ტელეკომპანიის ყოფილ დირექტორს დავით ზილფიმიანს გაესაუბრა.
როგორც ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ სტერეოში წარმოიქმნა ისეთი სახის დავა, რომელიც ნებისმიერ კომპანიაში შეიძლება შექმნილიყო, ამიტომ მისი თქმით, სიტუაცია რაც შეიძლება მალე უნდა დარეგულირდეს.
„ვფიქრობთ, ბატონ დავითთანაც საერთო ენას გამოვნახავთ, ემოციური დაძაბულობა მალე დაწყნარდება და ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის. ჩემი მხარე დაძაბულობის მოხსნის ინიციატორი იქნება“- განაცხადა ყავლაშვილმა.
ამასთან მანვე ტელეკომპანიის ახალი დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
ყავლაშვილის თქმით, პროცედურა სამართლებრივად სწორ რეჟიმში ჩატარდა.
„არ მაქვს ინფორმაცია 28 მაისს დაგეგმილი პარტნიორთა კრების ჩატარების შესახებ. დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი კრება 18 მაისს უნდა ჩატარებულიყო. ამის შესახებ, რამდენადაც ვიცი პარტნიორებსაც დროულად ეცნობათ“-განაცხადა ყავლაშვილმა.
ყავლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვასილ კობაიძე უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, თუ როდის ესტუმროს პირველ სტერეოს .

















