ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და სამაუწყებლო კომპანია „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს ირაკლი მჟავანაძეს ესუბრება.
როგორც მჟავანაძემ ჟურნალისტებს შეხვედრაზე შესვლამდე განუცხადა, სახალხო დამცველის აპარატმა „სტერეოში“ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო.
მისივე თქმით, სახალხო დამცველი აღნიშნულთან დაკავშირებით სათანადო რეაგირებას მოახდენს.
დავით ზილფიმიანის განმარტებით, ტელეკომპანიის დირექტორობიდან მისი გადაყენება ტელეკომპანიის მფლობელთა კრების გადაწყვეტილების გარეშე მოხდა.
მისივე თქმით, საჯარო რეესტრის შესაბამის დოკუმენტში ტელეკომპანიის ახალ დირექტორად პარლამენტარის დავით ბეჟუაშვილის დის ქმარი ვასილ კობაიძეა დარეგისტრირებული.
როგორც ზილფიმიანმა განაცხადა, დღეს შენობაში ახალი დირექტორის შეყვანა მეორე მხარემ ძალით სცადა და იქ დაცვის თანამშრომლები მიიყვანეს. ამ წუთებში ზილფიმიანს თანამშრომლებთან ერთად კომპანიის შენობა ბლოკირებული აქვს.

















