სექსულაური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ პარლამენტთან გამართული აქციის შემდეგ კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, აქციის დასრულების შემდეგ სამმა ახალგაზრდამ პარლამენტის მიმდებარე მყოფ რამდენიმე აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სამივე მათგანი იქვე მობილიზებულმა პატრულმა დააკავა, თუმცა, ქაშვეთის დეკანოზის, მამა ელიზბარის ჩარევის შედეგად, ორი მათგანი გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ნასვამი იყო.
დღევანდელ აქციაზე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაზე მომხდარი ინციდენტი გააპროტესტეს და იმ პირთა დასჯა მოითხოვეს, რომელთაც გუშინ მსვლელობის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციაზე ჰოლანდიის ელჩი საქართველოში პიტერ ანდენბერგიც მივიდა, მან გუშინდელი ინციდენტი დაგმო და განაცხადა, რომ ჰომოფობია დასავლეთის ქვეყნებისთვის მიუღებელია.
ფილარმონიასთან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქცია გუშინ გამართეს და თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობის პროცესში, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ახალგაზრდების ჯგუფი გადაუდგა წინ და მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი - ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და დაპირისპირების მონაწილეები დააკავეს. გარკვეული დროის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

















