ტელეკომპანია „პირველი სტერეოსა“ და სამაუწყებლო კომპანია „სტერეო პლიუსის“ დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი საქართველოს სახალხო დამცველისგან რეაგირებას ითხოვს.
როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, ის ამჟამად, „სტერეოს“ თანამშრომლებთან ერთად, ტელეკომპანიის შენობაში იმყოფება, რომელიც ბლოკირებული აქვთ.
მისი თქმით, „სტერეოს“ ერთ-ერთმა მეწილემ, დეპუტატმა დავით ბეჟუაშვილმა დღეს, ტელეკომპანიასთან დაცვის სამსახურის თანამშრომლები მიიყვანა, რომლებიც შენობაში შესვლას ცდილობდნენ.
„დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ამჟამად შენობაში აღარ იმყოფებიან. ბეჟუაშვილს არც მე და არც იტალიელი მეწილეები არ გავუფრთხილებივართ, ისე მოახდინა საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა, რომ თურმე მე დირექტორი აღარ ვარ. დღეს კი, ახალი დირექტორის შემოყვანას ძალით აპირებდნენ“ - განაცხადა ზილფიმიანმა.
მისივე თქმით, ის ტელევიზიაში დილამდე დარჩენას აპირებს და სახალხო დამცველისგან შესაბამის რეაგირებას ელის.
როგორც ცნობილია, დავით ზილფიმიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბეჟუაშვილი მისი ქონების მითვისებაში გუშინ დაადანაშაულა.
როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 12 მაისს ბეჟუაშვილმა, რომელიც „პირველ სტერეოში“ მისი პარტნიორია, სასამართლოში განცხადება შეიტანა, თითქოს, მათ დავით ზილფიმიანი აზარალებდა.
ბიზნესმენის განმარტებით, ეს განცხადება მხოლოდ ვარაუდს ეფუძნება. მოსამართლემ კი, მისი ქონების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.
ბიზნესმენის განცხადებით, ის თავისი ქონების დათმობას არ აპირებს.

















