დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე მღვდელ-მონაზონი კირიონ ონიანის ინფორმაციით, დავით გარეჯის ტერიტორიაზე მდგომარეობა უცვლელია და იქ ქართველი მესაზღვრეები დგანან.
როგორც მამა კირიონმა „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა, მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებსა და ტურისტებს მონასტრის ტერიტორიაზე არ უშვებენ.
მისი თქმით, ბერებს მესაზღვრეებისგან ამის მიზეზი არ მოუსმენიათ.
„გუშინ მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და მადლობა ღმერთს რომ უკვე თქვეს. მონასტერს არ დავთმობთ“ - განაცხადა მამა კირიონმა.
მისივე თქმით, ეკლესია ერის წარმომადგენლებთან ერთად ბოლომდე იბრძოლებს.
„არ დავთმობთ, რომ უდაბნოს ეს უწმინდესი მონასტერი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ იყოს“ - აღნიშნა მან.
მისივე განმარტებით, საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი მონასტერში შევლენ და ტერიტორიას დაიკავებენ.
„ამ ბრძოლაში ჩვენ ვიტყვით პირველ სიტყვას და ვიქნებით პირველ რიგებში“ - აღნიშნა მამა კირიონმა.
გავრცელებული ინფორმაცით, 6 მაისიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ქართველ მომლოცველებს იმ ტერიტორიაზე არ უშვებენ, სადაც ადრე გადაადგილება თავისუფალი იყო. კონკრეტულად საქმე ეხება, დავით გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე მდებარე მონასტერს. იქ ამ დროისთვის, მხოლოდ სასულიერო პირები გადაადგილდებიან.

















