არასამთავრობო ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე კიპარისების მასობრივი ხმობის ფაქტი გააპროტესტა.
როგორც „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქციაზე განაცხადა, ბარათაშვილის ქუჩაზე ჯანსაღი ცაცხვის ხეები გაიჩეხა და მათ ნაცვლად, 930-ლარიანი კიპარისის ხეები დაირგო.
მისი თქმით, კომპანია „გრინ სერვისთან“, რომელმაც კიპარისების შესყიდვა-დარგვა უზრუნველყო, მერიის მხრიდან მხოლოდ კონტრაქტის გაწყვეტა არასაკმარისია.
„იმ მოხელეების მიმართ, ვისაც ამ პროცესის კონტროლი ევალებოდა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. ხეებს სათანადოდ არ უვლიან, ამასთან, არ შეისწავლეს კონკრეტულ ნიადაგთან მიმართებაში ამ მცენარეების შეგუება“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, ამ ხეებში 225 000 ლარი უკვალოდ გადაიხადეს, მაშინ როდესაც ქალაქში გამწვანების საჭიროებაა.
„მერიის წარმომადგენლებმა მთელი ქალაქის მასშტაბით გამწვანებაზე მილიონების ხარჯვა დაიწყეს. ამ ხარჯის ძირითადი ნაწილი მათ ჯიბეში მიდის. ამის ნათელი მაგალითი ბარათაშვილის ქუჩაზე დარგული კიპარისებია“ - აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ კომპანია "გრინ სერვისთან" გაფორმებული სატენდერო ხელშეკრულება 9 მაისს გააუქმა.
მერის გიგი უგულავას თქმით, კომპანია "გრინ სერვისმა" ნერგები ობიექტურ ღირებულებაზე დაბალ ფასად იყიდა, რაც მერიაში წარდგენილ დოკუმენტაციაში არ იყო ასახული. მისივე თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირობები დაარღვია და სახელმწიფოს მიმართ ნაკისრი ვალდებულება არაკეთილსინდისიერად შეასრულა. ამდენად, უგულავას განცხადებით, საკითხი დამატებით შესასწავლად სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.

















