საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ქსნის მე-15-ე დაწესებულებაში იმყოფებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში განუცხადეს, ისინი დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პეტრე ოვანოვის განცხადებასთან დაკავშირებით სიტუაციის ადგილზე გასაცნობად დილით გაემგზავრნენ.
„ამის შესახებ ინფორმაცია დილით მოგვაწოდეს. ინფორმაციის მიღებისთანავე წარმომადგენლები დაწესებულებაში გაემგზავრნენ. საქმის ადგილზე დეტალურად შესასწავლად გარკვეული დროა საჭირო“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურში.
მათივე თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ქსნის მე-15-ე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პეტრე ოვანოვის გაუპატიურების ფაქტზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ზურაბ დიასამიძემ, კოკა კვინიკაძემ და ვლადიმერ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადეს.
მათი თქმით, ორი დღის წინ, პეტრე ოვანოვის მეგობარმა ყოფილმა პატიმარმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ადვოკატ ეკა ბესელიას, საადვოკატო ბიუროში ოვანოვის ხელნაწერი მიუტანა.
წერილში ოვანოვი ქსნის მე-15-ე დახურული ტიპის დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან მასზე განხორციელებულ ფიზიკურ, მორალურ ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს. კონკრეტულად კი, წერილის თანახმად, ოვანოვის თქმით, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებმა ის გააუპატიურეს, სასტიკად სცემეს და დაემუქრნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ამბავი გახმაურდებოდა, მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდებოდა. მსჯავრდებული წერილში დახმარებას ითხოვს.

















