კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ რუსთაველის გამზირზე გუშინ მომხდარი ფაქტების მიუკერძოებელ გამოძიებასა და ძალადობაში დამნაშავეთა კანონის შესაბამისად დასჯას ითხოვს.
როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოალიციის წევრები, მათი თქმით, რელიგიური ექსტრემისტების მიერ, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და მონაწილეებზე განხორციელებული ძალადობის გამო აღშფოთებას გამოთქვამენ.
„განსაკუთრებულ შეშფოთებას ის გარემოება იწვევს, რომ პოლიციამ, რომელიც დემონსტრაციის შესახებ წინასწარ იყო გაფრთხილებული, დემონსტრანტების უსაფრთხოების სათანადო უზრუნველყოფა და ძალადობის აღკვეთა ვერ შეძლო. ამასთან, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებმა, უფლებადამცველებმა და „LGBT“ ჯგუფის წევრებმა, 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა გამართეს. მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ახალგაზრდების ჯგუფი გადაეღობა და მათ შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი - ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და დაპირისპირების მონაწილეები გარკვეული დროით დააკავეს.

















