ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დიმიტრი გეგენავას განცხადებით, თორმეტივე საარჩევნო უბანი 08.00 საათზე გაიხსნა.
კენჭისყრის პროცესი 09.00 საათზე დაიწყო და 18.00 საათამდე გაგრძელდება.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დარღვევები დაფიქსირებული არ არის. აქტივობის პირველი მონაცემები 12.00 საათისთვის იქნება ცნობილი“ - აღნიშნა დიმიტრი გეგენავამ.
მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულ საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი 09.05 წუთზე დაფიქსირდა.
12-ვე საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე ვიდეოჩანაწერის ნახვის უფლების მიღება შეეძლება.
საარჩევნო კომისიის მოწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - „IFES”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ აკვირდება.
არჩევნებში 3 სტუდენტური ორგანიზაცია მონაწილეობს - „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისთვის“ და „თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი“, რეგისტრირებულია 10 დამოუკიდებელი კანდიდატი: 1 იურიდიული ფაკულტეტიდან და 9 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.
საბოლოო მონაცემებით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე 154 მსურველია რეგისტრირებული.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.

















