საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ 20 მაისს ვაკის პარკიდან საპროტესო მსვლელობას მოაწყობს.
აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მშვიდობიანი მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყება, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აზერბაიჯანის საელჩოსთან გადაინაცვლებს და საელჩოს წარმომადგენელს საინიციატივო ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის ელჩის სახელზე სპეციალურ მიმართვას გადასცემს.
მსვლელობა ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებზე გაგრძელდება. აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაჩერდებიან და სამინისტროში საინიციატივო ჯგუფის მიმართვას შეიტანენ, შემდეგ, მამა დავითის მონასტერში პარაკლისს დაესწრებიან.
საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი საქართველო“ საჭესთან მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს 20 მაისს 14:00 საათზე მხარდაჭერა ავტომობილის სიგნალით გამოხატონ.
„თავიდანვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია მშვიდობიანია და ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ გამოვლენას ვგმობთ“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, აქციის მიზანია ხალხმა მოქალაქეობრივი პოზიცია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტრის დაკავებასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და კულტურის მინისტრის უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ განცხადებებთან დაკავშირებით გამოხატოს.
აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია წარმოადგინოს, თუ რის საფუძველზე გააკეთა, მათი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები.
ისინი საქართველოს მთავრობისგან მიმდინარე წლის 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე) დავით გარეჯის შესახებ წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამებისა და ოქმების გასაჯაროებასაც მოითხოვენ, რათა საზოგადოებისთვის საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია–დემარკაციის პროცესი გამჭვირვალე გახდეს

















