ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, არჩევნებში მონაწილეობას 3 სტუდენტური ორგანიზაცია მიიღებს - „ერთიანი სტუდენტური მოძრაობა“, „სტუდენტები სტუდენტებისთვის“ და „თავისუფალ სტუდენტთა ალიანსი“, ასევე 10 დამოუკიდებელი კანდიდატი - 1 იურიდიული და 9 სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან.
თსუ-ს ცნობით, საბოლოო მონაცემებით სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში 120 ადგილზე 154 მსურველია რეგისტრირებული.
კენჭისყრის პროცესი 9:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. თორმეტივე საარჩევნო უბანზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები. თითოეულ დაინტერესებულ პირს განცხადების საფუძველზე შეეძლება ვიდეოჩანაწერის ნახვა.
საარჩევნო კომისიის მიწვევით არჩევნებს 3 საერთაშორისო ორგანიზაცია - „IFES” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“ დააკვირდება.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

















