წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის კონკურსს აცხადებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ადამიანის უფლებათა სახლიდან აცნობეს, კონკურსი თემაზე - „ადამიანის უფლებები - ფოკუსი წამებაზე“ ტარდება.
მათი ინფორმაციით, კონკურსის მიზანი ადამიანის უფლებებზე, კერძოდ კი, წამებაზე საუკეთესო ჟურნალისტური მასალების გამოვლენაა.
ჯილდო 5 ნომინაციისთვისაა დაწესებული - საუკეთესო ტელე/ვიდეო სიუჟეტი; საუკეთესო რადიო სიუჟეტი; საუკეთესო საგაზეთო ჟურნალისტური გამოძიება; საუკეთესო საგაზეთო სტატია; საუკეთესო ბლოგ-პოსტი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ქართველ ჟურნალისტებს შეუძლიათ. წარდგენილი მასალები 2011 ან 2012 წელს რომელიმე ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში უნდა იყოს გამოქვეყნებული. განაცხადები 25 მაისამდე მიიღება.
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულ ჟურნალისტს ფულადი ჯილდო - 700 ლარი გადაეცემა, ხოლო გამარჯვებული ბლოგ-პოსტის ავტორს - 500 ლარი.
დაჯილოება 2012 წლის 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

















