„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ დროისთვის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განადგურება შეჩერებულია.
მისი თქმით, ეს იმ აქტიურობამ გამოიწვია, რომელიც „ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ პროტესტს მოჰყვა.
„აღნიშნულ საქმეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა დანაშაულებრივი ქმედების გარდა, კულტურის მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება“ - აღნიშნა მჟავანაძემ.
მისი თქმით, კულტურის მინისტრის ნიკოლოზ რურუასა და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის ნიკოლოზ ანთიძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისა და განადგურებისთვის უნდა მოხდეს.
„ეკოლოგიურმა სამართლის ცენტრმა“ მაღალჩინოსანთა დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები მთავარ პროკურატურაში გადაგზავნა.

















